საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა.
შეხვედრაზე მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებისგან ახალი ინიციატივები მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.
აღსანიშნავია,რომ ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე წელს დაგეგმილია მნიშვნელოვანი პროექტები როგორც ინფრასტრუქტურული და კულტურული, ისე სოციალური მიმართულებით.
რეგიონში დასრულდება მიმდინარე პროექტები და გაგრძელდება ისეთი პრიორიტეტული პრობლემების აღმოფხვრა როგორებიცაა:
გაზიფიცირება;
წყალმომარაგება;
სარწყავი სისტემების მოწყობა;
ქუჩების სახელდება;
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენება.
შეხვედრის ფარგლებში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული პირველი ფაზის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა 564 შენობა, მოწესრიგდა საინჟინრო ქსელები, განახლდა და აშენდა 92 პარკი და სკვერი. პროგრამა გრძელდება, ამ ეტაპზე კი, პროგრამის ფარგლებში, უკვე ინვესტირებულია 400 მილიონი ლარი.
ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა. 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 23 იანვრის ჩათვლით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა.