TV4-ის სპეციალური განცხადება :
ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია 25 წელია, საკუთარ ქალაქსა და რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტს ემსახურება. ავრცელებს ინფორმაციას ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. არაერთხელ დამდგარა ტელევიზია დახურვის საფრთხის წინაშე.თუმცა, აქ მომუშავე ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ მათ მიერ გაშუქებულ მასალას შედეგი ჰქონდა. ამ არხის ეთერში გასულ პრობლემატურ მასალებს დროული გამოხმაურება მოყვებოდა ქალაქის ყველა ხელმძღვანელი პირის მხრიდან . ჩვენ ვასრულებდით მედიატორის როლს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის. უმთავრესი მიზეზი,ამ ტელევიზიის მუშაობის და არსებობის მხოლოდ ეს იყო. წლების განმავლობაში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს ტელევიზია და მაუწყებლობდეს რადიო. თუმცა, დღეს, 25 წლის შემდეგ, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ჩვენ გვიწევს ტელე-რადიო კომპანიის საინფორმაციო გამოშვების შეჩერება და ამით, ინფორმაციის გარეშე დარჩება ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა. 2023 წლის 1 თებერვლიდან TV4-ის ეთერში საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა ვეღარ გავა. ქალაქი და რეგიონი ერთადერთი რეგიონალური ტელეკომპანიის გარეშე რჩება . მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს საკუთარი არხი.
მთავარი მიზეზი ფინანსებია, რომელიც ტელეკომპანიას ხელოვნურად შეუმცირდა . რეგიონალურ ტელეკომპანიებს სახელმწიფომ შეუზღუდა რიგი რეკლამები, საზოგადოებრივ ტელევიზიას მისცა რეკლამის გაყიდვის უფლება, რამაც შესაბამისად, კიდევ უფრო შეამცირა შემოსავალი. ტენდერები კი რომელიც რეგიონის მუნიციპალიტეტებში წლებია ცხადდება, დროში ხელოვნურად იწელება. მოგეხსენებათ, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სტრუქტურა ტელევიზიასაც აქვს ხარჯები. გასაცემია ხელფასები . დღეიდან, საკრებულოს სხდომებზეც კი ვეღარ გაიგებთ ინფორმაციას , თქვენი ქალაქის ბიუჯეტი როგორ გადანაწილდება და რაში დაიხარჯება …
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქვემო ქართლის სამხარეეო ადმინისტრაციას და ქალაქ რუსთავის ხელმძღვანელებს რადგან სწორედ მათი მოღვაწეობის პერიოდში დაფიქსირდა რეგიონის საინფორმაციო გამოშვების შეჩერების ფაქტი . რუსთავი ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი იქნება ტელევიზიისა და რადიოს გარეშე.
ჩვენ ვაჩერებთ საინფორმაციოს !
მხოლოდ მომავალში შეხვედრის იმედით შეგვიძლია, დაგემშვიდობოთ