თბილისში ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.

„მინდა, ხვალ საზოგადოებას დეტალურად წარვუდგინო ჩვენი ხედვა, თუ რას ვაპირებთ, რისი გაკეთება გვინდა. მინდა, ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვო, ყურადღებით გაეცნოს ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ხვალ, დილის 11.00 საათზე გვექნება პრეზენტაცია ამ რეფორმასთან დაკავშირებით. პარალელურად, ხვალიდან თვე-ნახევრის განმავლობაში ვაწარმოებთ საკმაოდ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც უკვე დაბეჭდილია, გამზადებულია. გარდა ამისა, გადამზადებულნი არიან მერიის 11-ვე სერვისცენტრის თანამშრომლები, ცხელი ხაზის ოპერატორები, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს. ვისაც კი რამე შეკითხვა გაუჩნდება ამ სიახლესთან დაკავშირებით, ვინც დაინტერესებულია, რა თქმა უნდა, მიიღებს დეტალურ ინფორმაციას. პარალელურად, ხვალ მექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ამ რეფომასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება და რას ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კარგს. საინტერესო იქნება განსაკუთრებით ტაქსის მძღოლებისთვის, მათი მომავლისთვის. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მხარდაჭერის თვალსაზრისით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ზოგადად, ეს მიმართულება, ეს რეფორმა იყოს წარმატებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.