საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, გარდაბანის მუნიციპალიტეტში 130 მოქალაქე დასაქმდა.
პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება.
საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.
დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს.
პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის, სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05 დაკავშირება შეუძლიათ.