ირაკლი ღარიბაშვილი – ქვეყნის წინაშე დღეს რეალური საფრთხე არის შეთქმულება და ეს არის ე.წ. უკრაინიზაციისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა

ჩვენი ქვეყნის წინაშე რეალური საფრთხე დღეს არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

„იყო არაერთი მცდელობა, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის. შეგახსენებთ, რომ თვითონ ეს ფრაზა – მეორე ფრონტი გაჟღერდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან. ბატონმა დანილოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი და მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტი გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი, სხვა რეგიონის მისამართით. ისიც აღინიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგები უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც. ეს არის იმ გამოსვლის ძალიან მოკლე შინაარსი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ მოისმინა. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, გვარებს აღარ ჩამოგითვლით. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში.

ვანო მერაბიშვილის ბოლო გამონათქვამს შეგახსენებთ, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ერთ-ერთ უკრაინულ არხზე თქვა, გამოვიდა რუსულ ენაზე და საუბრობდა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების დამხობა, შეცვლა და შემდეგ ომის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის სიტყვები, რომელიც მერაბიშვილმა თქვა საჯაროდ. ეს არის მტკიცებულებები და მე მხოლოდ ფაქტებს შეგახსენებთ.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატო-ს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.