პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით განიხილა და 71 ხმით მიიღო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

 მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ცვლილებები განპირობებულია ძირითადად მცირებიუჯეტიანი შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო და, მეორე მხრივ, სოციალური მომსახურების მიწოდებას, ან ორივეს ერთად.

 მოქმედი რეგულაციით, თუ ერთი წლის განმავლობაში შესყიდვების ჯამური ღირებულება არ აღემატება 5 ათას ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ შესყიდვის გამარტივებული საშუალებით განხორციელების შესახებ. ახალი შემოთავაზებით კი საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში მონეტარული ზღვარი იზრდება 10 ათას ლარამდე, სამშენებლო სამუშაოს შემთხვევაში კი 20 ათას ლარამდე.