უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მშენებარე ობიექტთან მეწყერი ჩამოწვა

სოციალურ ქსელში რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე, მშენებარე ობიექტთან მეწყერის ჩამოწოლის ამსახველი ფოტო-მასალა ვრცელდება,რომელიც უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მოხდა.

აღნიშნულს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოეხმაურა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება განახლდება:

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყრულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.

სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ.“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.