12 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ლაბორატორიული კვლევები აღებულია

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში 12 წლის მოზარდის გვამის გამოკვლევა დასრულებულია.

ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ,  რომ სიკვდილის მიზეზი კვლევის დასრულების შემდეგ დადგინდება.

როგორც ცნობილია აღებულია შესაბამისი ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის. კვლევების დასრულების შედეგად უკვე მთლიანად შეჯამდება არსებული სურათი და გაიცემა დასკვნა და სიკვდილის მიზეზი დადგინდება – აცხადებენ ექსპერტიზის ბიუროში.

შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.