საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„მასწავლებლებთან შეხვედრების ფორმატში სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა:
· პორტფოლიოს გაუქმება ან ვადის გადაწევა;
· პორტფოლიოს გამარტივება, კრიტერიუმების გადახედვა;
· პორტფოლიოს წარსადგენად მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადახედვა;
· პორტფოლიოს შემფასებლების საკითხი;
· მასწავლებელთა სისტემური მხარდაჭერის გზები.
ყველა საკითხი დამუშავდა ზოგადი განათლების სამუშაო ჯგუფის ფორმატში და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები:
ვადები: ვინაიდან მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს პედაგოგის ინდივიდუალური, პრაქტიკული საქმიანობის ამსახველ ინსტრუმენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალური სურათის დასანახად და მხოლოდ გამოცდის ფორმით შეუძლებელია მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასება, სამინისტროს გადაწყვეტილებით, პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა 1-ელ ივნისამდე. ეს პერიოდი იქნება ხელშემწყობი ფაქტორი მასწავლებლებისთვის დროულად და ხარისხიანად წარმოადგინონ პორტფოლიო.
პორტფოლიოს გამარტივება: პორტფოლიოს ატვირთვისა და წარდგენის პროცესში, მასწავლებლები ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებდნენ მტკიცებულებების წარმოდგენას, პროცესების დაოქმებას, რეფლექსიების წერას და სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოებას. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოხდა მოთხოვნების გადახედვა და მაქსიმალურად ოპტიმალურ ვერსიაზე შეთანხმება.
კერძოდ:
· მოიხსნა მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის წერილობითი რეფლექსიის ვალდებულება. მასწავლებელი საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციას ზეპირად წარადგენს კვალიფიციური შეფასების ჯგუფის წინაშე გასაუბრებისას. ბუნებრივია, ზეპირი გასაუბრების დროს ექნება მასწავლებელს საშუალება, განიხილოს შეფასების ჯგუფთან თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამა თუ იმ აქტივობის განხორციელება, რა კავშირი ჰქონდა ამ აქტივობას სასწავლო პროცესთან და მიიღოს შესაბამისი უკუკავშირი.
· მოიხსნა თითოეული მიმართულების მიხედვით ყველა კომპეტენციის დადასტურების წარმოდგენის ვალდებულება. მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, პორტფოლიოში ატვირთოს მიმართულებების მხოლოდ ერთი კომპეტენციის შესაბამისი მტკიცებულება და გასაუბრების პროცესში შეფასების ჯგუფთან განიხილოს ამ მტკიცებულების ავთენტურობა, მისი კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასთან.
შეფასების ჯგუფი: მნიშვნელოვანი საკითხია პორტფოლიოს შეფასების ადმინისტრირება. რამდენიმე ექსპერტისგან შემდგარი შეფასების ჯგუფი წინასწარ შეისწავლის მასწავლებლის მიერ ატვირთულ პროექტებს, აქტივობებს, ჩაატარებს სასკოლო საზოგადოების სხვა წევრების გამოკითხვას და გაესაუბრება აპლიკანტ მასწავლებელს. პორტფოლიოს შემფასებელი ჯგუფი იქნება ინკლუზიური, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა, შეფასების ობიექტურობის მაღალი ხარისხი და საზოგადოების მაღალი სანდოობა.
მხარდამჭერი ღონისძიებები: სამინისტროს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა მხარდაჭერა ამ პროცესში. გარდა ცენტრალიზებული ტრენინგების, ვებინარების, მასწავლებელს ექნება საშუალება, რომ სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღოს ინდივიდუალური კონსულტაცია კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში როგორც ოფიციალური მეილის, ასევე, Facbook-ის გვერდისა და ცხელი ხაზის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, მასწავლებლებისთვის არ დგას იმის საჭიროება, რომ დახმარებისთვის ან დამატებითი სერვისის მისაღებად მიმართონ რომელიმე სხვა ორგანიზაციას ან გარე პირს, ვინაიდან სრული მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან.
აქვე აღვნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადამ გადაიწია, მასწავლებლებს შეეძლებათ გაზრდილი სტატუსის დანამატით 2023-2024 სასწავლო წლიდან ისარგებლონ.
აღნიშნული მოდელით, სისტემა პირველად გადის პროცესს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მთლიან ციკლს დავაკვირდეთ შემდგომში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. აქვე, როგორც დაგპირდით, ამ მიმდინარე პროცესის პარალელურად, უწყვეტ შეხვედრებს და კომუნიკაციას გავაგრძელებ მასწავლებლებთან და დარგის ყველა წარმომადგენელთან. აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მასწავლებელთა უკუკავშირსა და პროცესზე დაკვირვებით, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირველ რიგში გაითვალისწინებს მასწავლებელთა ინტერესებს, დაამკვიდრებს მასწავლებელთა კორპუსში სამართლიანობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა გამონაკლისების გარეშე“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.