მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 ახალი პროგრამა ეთნიკურ უმცირესობებში ენობრივი ბარიერის აღმოფხვრასა და მათ სოციალურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს და ის დაინერგება სახელმწიფო ენის სწავლების ახალი მოდელის ფარგლებში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოორდინაციით ამოქმედდება.

 მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა იმ  საკითხებზე, რასაც პროგრამის დანერგვა მოიტანს სამოქალაქო ინტეგრაციის და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით.

 კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა სახელმწიფო ენის სწავლების მისაწვდომობის, როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების რეალიზებისთვის საჭირო ინსტრუმენტის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა ინიციატივის ავტორებს.

 ღონისძიება უნარების კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ატარებს.