პარლამენტში „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის  მინისტრმა თეა ახვლედიანმა დეპუტატებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო. 

 

„2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა სტრატეგიის მიზნების მისაღწევად 200-მდე ღონისძიებას აერთიანებს. ეთნიკური  უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უფრო ფართო შესაძლებლობების შესაქმნელად, ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო და ნაყოფიერი იყო ჩვენი დღევანდელი მსჯელობა, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის წევრებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია“, -განაცხადა თეა ახვლედიანმა შეხვედრის შემდეგ. 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2023-24 წლებში სერიოზული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომლის შედეგსაც 2030 წლისთვის მივიღებთ.

 

„მინდა, საგანგებოდ ხაზი გავუსვა, რომ თემა, რომელზეც კომიტეტში დღეს ვიმსჯელეთ და რომელიც ეხება სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებს, სახელმწიფო სტრატეგიას 2030 წლამდე, არის მაღალპროფესიულ დონეზე გაკეთებული. ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის და ეროვნებათა შორის ურთიერთობა, რომლითაც გამოირჩეოდა საქართველო მისი ისტორიის მანძილზე, მსოფლიო დონეზე დაძაბულობის პერიოდში, კიდევ დამატებით ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ, ასეთი ტრადიციის მატარებელი ქვეყანა, სამაგალითო უნდა ვიყოთ სხვებისთვის“, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრა წარმატებული და ნაყოფიერი იყო.

 

„დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე ჩვენ მიერ გაშუქდა ყველა ის მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხი, რომელიც ამ სტრატეგიის განხორციელებისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს შეხვედრა წარმატებული იყო“,- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 

სამუშაო შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ კულტურისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტები.