რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში სააღდგომო მესა აღავლინა. პონტიფექსის ტრადიციულ ქადაგებას წმინდა პეტრეს მოედანზე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი უსმენდა.
კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა საერთაშორისო თანამეგობრობას მსოფლიოში ყველა კონფლიქტის შეწყვეტის ხელშეწყობისკენ მოუწოდა. მან კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ბევრი ქვეყანა საზღვრებს უხსნის მიგრანტებს, რომლებიც ომებსა და სიღარიბეს გაურბიან. მან ილოცა მათთვის, ვინც თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა და უსახლკაროდ დარჩა.
პაპი უკრაინაში მიმდინარე ომსაც შეეხო და აღნიშნა: „დაეხმარე ძვირფას უკრაინელ ხალხს მშვიდობისკენ გზაზე და აზიარე აღდგომის სინათლეს რუსეთის ერი. დაეხმარე ტყვეებს ოჯახებში დაბრუნებაში“.
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომას აღნიშნავს. დღესასწაულს ზეიმობს კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია.