BBC დავით კეზერაშვილის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტს აქვეყნებს

„მილიარდიანი თაღლითები, რომლებიც მთელ დანაზოგს მოგპარავენ“ – ამ სათაურით BBC დავით კეზერაშვილის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტს აქვეყნებს. საერთაშორისო მედიამ ჯგუფ მილტონის კომპანიებთან კეზერაშვილის კავშირები დაადგინა.

BBC-ის ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა, ზარალი კი მილიარდ დოლარს აღწევს.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევედნენ და ძარცვავდნენ. BBC-ის ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“.

როგორც BBC წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით. ნოემბერში BBC-ის გადამღები ჯგუფი თან ახლდა გერმანელ და ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც თბილისში სატელეფონო ცენტრებში ჩხრეკა ჩაატარეს.

ტელეკომპანიის ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „მილტონის ჯგუფთან“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება. ესენია, დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

BBC-მ აღნიშნული გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ​ბენიმინი ოფშორულ კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ. ამასთან, BBC წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან.

BBC-ის ცნობით, კეზერაშვილი დაუსწრებლად არის გასამართლებული ბიუჯეტიდან 5 მილიონი დოლარის გახარჯვაში. სასამართლო ვერდიქტის გამოქვეყნების დროს, კეზერაშვილი ლონდონში ცხოვრობდა და დიდმა ბრიტანეთმა მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

BBC-ის გამოძიების ცნობით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილისა და ოფშორული კომპანიების ქსელთან კავშირს დაადასტურებდა, თუმცა გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ე.წ. პანამის დოკუმენტებში მისი სახელი ფიგურირებს როგორც ზოგიერთი კომპანიის დამფუძნებელი ან აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი. BBC ვარაუდობს, რომ კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია.

ამასთან, BBC ესაუბრა „მილტონის ჯგუფში“ შემავალი კომპანიების რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს და მათ დაადასტურეს, რომ პირადად ჰქონდათ საქმე კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ ის ამ სქემაშია ჩართული. BBC-ის ცნობით, კეზერაშვილი სხვადასხვა სოციალურ ქსელში და მათ შორის „ლინკედინში“ საკუთარ გვერდზე ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას „მილტონის ჯგუფში“ შემავალი კომპანიებსა და იქ არსებული ვაკანსიების შესახებ.

BBC-მ ასევე მოიპოვა მტკიცებულება, რომ კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიები იყენებდნენ ელექტრონული ფოსტის იმ კერძო სერვერს, რომელთან წვდომაც მხოლოდ თაღლითობაში ჩართულ „,მილტონის ჯგუფის“ კომპანიებს ჰქონდათ. ასევე, BBC-ის ინფორმაციით, კეზერაშვილის ვენჩერული კაპიტალის კომპანია „ინფინითი“ ფლობდა ვებდომეინებს კომპანიებისთვის, რომლებიც სავაჭრო პლატფორმებს სთავაზობდნენ თაღლითებს.

BBC-ის ცნობით, კეზერაშვილი ფლობს კიევში საოფისე შენობას, რომელშიც განთავსებული იყო თაღლითური ქოლცენტრი „ევერ ეფიქსი“ და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ იმ ფირმებს, რომელთა ოფისებიც ნოემბერში პოლიციამ გაჩხრიკა. ის ასევე ფლობს ანალოგიურ ოფისებს თბილისშიც.

BBC-მ ასევე გადაამოწმა, იმ ოთხ პირის სოციალური ქსელები, რომლებიც გამოძიებაში ფიგურირებენ. ამ ქსელებში განთავსებული სხვადასხვა წვეულებისა თუ ქორწილების ფოტოებიდან ირკვევა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართულ ოთხივე პირს ახლო კავშირი აქვს კეზერაშვილთან. კეზერაშვილს „ფეისბუქზე“ 45 საერთო მეგობარი ჰყავს „მილტონის ჯგუფთან“ დაკავშირებულ პირებთან და BBC-მ დაადგინა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართული ერთ-ერთი პირი არის კეზერაშვილის ნათესავი.

BBC წერს, რომ კეზერაშვილისგან კომენტარის მიღების მიზნით, BBC-ის ჟურნალისტები მივიდნენ ლონდონში მდებარე მის სახლში, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მან ადვოკატის საშუალებით უარყო თაღლითურ სქემასთან კავშირები.

ამასთან, მან თქვა, რომ კიევში მდებარე კომპანია „ევერ ეფიქსი“ მისი ცნობით, კანონიერ ბიზნესს აწარმოებს. მისმა ადვოკატმა BBC-ს უთხრა, რომ ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მისი თაღლითებთან კავშირის შესახებ ვერაფერს ამტკიცებს. თაღლითობაში მონაწილეობას „ბიბისისთან“ ინტერვიუში უარყოფენ გამოძიებაში მოხსენიებული სხვა პირებიც.