საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

26-28 აპრილს, საქართველოს ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.

„ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ზბიგნევ რაუს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.