საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი აფხაზი ხალხის დაბრუნებაა:
ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა – შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ერთმანეთის ნდობა დავიმსახუროთ და ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ.
ჩვენ ერთი ისტორია და კულტურა გვაქვს, ერთია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის სურვილი. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის აღდგენა და მეგობრობა ძლიერ, გაერთიანებულ, განვითარებულ და ევროპულ ქვეყნად გვაქცევს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აფხაზეთის დღეს. მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს“, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაში.