ბაია კვიციანი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ბაია კვიციანი თბილისის 169-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

 ბაია კვიციანი მოსწავლეებს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის პრიორიტეტებზე, თანასწორობისა და  ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, დისკრიმინაციის ფორმებზე, გენდერულ სტერეოტიპებზე, ქალების ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე და გენდერულ კვოტირებაზე ესაუბრა.

 „გენდერული თანასწორობის თაობაზე ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაიწყოს სკოლის ასაკიდან, თუ გვინდა, რომ ახალგაზრდები ჩამოყალიბდნენ ჩვენი ქვეყნის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად“, – განაცხადა გენდერული საბჭოს წევრმა.

 მოსწავლეებმა, ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა  გენდერული თანასწორობის თაობაზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.