დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.
6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.
წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, ის მხედართმთავარი გახდა, თუმცა ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იმპერატორს განუდგა.
კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო მას მრავალი სატანჯველის დათმენა მოუხდა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრისა.
წმინდანს 303 წელს მოკვეთეს, როდესაც 30 წლის იყო. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდანი, შუბით გველეშაპის განმგმირავი, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური რწმენის შემადგენელ ნაწილად იქცა და აღბეჭდილია სახელმწიფო გერბზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ – 23 ნოემბერს და 6 მაისს აღნიშნავს.