„ეს არის რუსული პროვოკაცია!“ – პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

ეს არის  რუსული პროვოკაცია! – განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

“ეს არის პროვოკაცია პირდაპირ ჩვენი საზოგადოების გამოწვევისთვის და ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს დაძაბულობას პარტიებს შორის, მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს დაძაბულობას არ გამოიწვევს, გამოიწვევს დიდ რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ როდესაც რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამს, დგამს თავისი ინტერესებისთვის,” – თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის 3-თვიანი სავიზო რეჟიმი დააწესოს.

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს პირიქით, 3-თვიანი ვიზების დაწესება, რომელიც საჭიროა ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლია სახელმწიფოსგან საჭირო იმ რუსების მიმართ, ვინც შემოდიან ქვეყანაში,რჩებიან და აუცილებელია ზომები იყოს მიღებული, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ცივილიზებულ ჩარჩოებში.

ჩვენ ვართ ტოლერანტული ქვეყანა, ყველას ვიღებთ, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ შეიძლება მოხდეს,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ.