რთული წყალქვეშა სამუშაოები ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების რეზერვუარებზე გრძელდება

რუსთავის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო გეგმის ფარგლებში წყლის რეზერვუარებზე საგანგებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სპეციალურად მოწვეული მყვინთავების ჯგუფი შახტური ჭების მიწისქვეშა რეზერვუარებზე, წყალქვეშ რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აგრძელებს.

მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში მეხუთე შახტური ჭის რეზერვუარში კედლის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისა და გამყარებისთვის აუცილებელი სამუშოები ტარდება, რის შემდეგაც რეზერვუარის სრული რეაბილიტაციის საბოლოო ეტაპზე ახალი ტუმბო-აგრეგატი დამონტაჟდება.

ხრამის სათავე ნაგებობაზე არსებული 7 შახტური ჭა ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების  მთავარ რეზერვუარებს წარმოადგენს. ორი შახტური ჭის დაზიანებამ წყლის რესურსი მნიშვნელოვნად შეამცირა და ქალაქ რუსთავის  სტაბილური წყალმომარაგება შეაფერხა.

გამომდინარე იქიდან, რომ დაზიანებული რეზერვუარები წყალქვეშ 21 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული, ტექნიკური სამუშაოები საკმაოდ რთული და კომპლექსურია.

სპეციალურად მოწვეული მყვინთავების ჯგუფის მიერ, ამ დრომდე განხორციელებული სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა ქალაქ რუსთავის მოსახლეობისთვის ღამის საათებში წყალმომარაგების შეფერხების დროის შემცირება, ივნისის ბოლოს კი, როდესაც საბოლოოდ დასრულდება წყალქვეშა სამუშაოები, წყლის რესურსის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები ქალაქს აღარ შეექმნება.