ქეთევან თურაზაშვილი – არ მჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ნახევარი საათი არ აქვს, რომ აქციის მონაწილე დედებს შეხვდეს

„ყველა ვხედავდით როგორ არ ხვდებოდა პრემიერ-მინისტრი მშობლებს, რომლებიც ორი კვირაა ითხოვენ მასთან შეხვედრას. მე არ მჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს  ნახევარი საათი დედებთან შესახვედრად. სამწუხაროდ, ეს გამოხატავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას საკუთარი მოქალეების მიმართ“, – ასე გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა მარტოხელა მშობლებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში განსაკუთრებით რთულია იყო მარტოხელა მშობელი. 

„საქართველოში გაცილებით მეტი ადამიანი იმსახურებს მარტოხელა მშობლის სტატუსს, ვიდრე ეს რეალურად არის. არიან განქორწინებული მშობლები, ასევე ბებიები, პაპები, რომლებიც განსაკუთრებული გარემოებების გამო ზრდიან ბავშვებს მარტო და მარტო უმკლავდებიან ყველა იმ გამოწვევას, რაც ბავშვების აღზრდას უკავშირდება. სახელმწიფოს მხრიდან რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ მარტოხელა მშობლებს და არ შეიძლება კონკრეტული მუნიციპალიტეტების გემოვნებას მივანდოთ მშობლებისა და მათი შვილების დახმარება“, -განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი მიდგომა როგორ დაეხმაროს მარტოხელა მშობლებს და მათ შვილებს.