,,ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ისტორიის სრულიად განსაკუთრებულ, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვან მოვლენას – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„105 წელი შესრულდა იმ დღიდან როდესაც პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. უმთავრეს ეროვნულ დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც დღევანდელი დღე და სამშობლოს თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. განსაკუთრებით გილოცავთ ჩვენო საამაყო წვევამდელებო, ვინც ამ განსაკუთრებულ დღეს დადეთ ფიცი. მე ასევე, მადლიერებით ვულოცავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინც ჩვენთან ერთად ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. მათი თანადგომა ჩვენთვის ფასდაუდებელია. დღეს სიამაყით ვიხსენებთ ყველას, ვინც თაობიდან თაობას გადასცემდა თავისუფლების სიყვარულს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოსთვის მსხვერპლად გაიღო“, – განაცხადა პრემიერმა.