გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ უწყებების ანგარიშები მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ქალაქ რუსთავის საწარმოების მიერ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“  კანონში 2021 წლის 1 ივნისს ამოქმედებული – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების თვითმონიტორინგთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ანგარიში მოისმინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად  გაწეული სამუშაოს შესახებ ისაუბრა. „ამ სამუშაოებს საფუძვლად უდევს 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი გეგმა, რომლის მიზანი იყო რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ის სრულად თანხვედრაშია ატმოსფერული ჰაერის შესახებ ევროკავშირის დირექტივებთან. ამ გეგმით და ზოგადად „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის დამტკიცებით ჩვენს ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მართვის ნაწილში დავამკვიდრეთ სრულიად ევროპული მიდგომები“, –  განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ჰაერის ხარისხის მართვის გაუმჯობესების გეგმა მოიცავდა 5 ძირითად ამოცანას -სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირება, ჰაერში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირება, ქალაქ რუსთავში მწვანე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ქალაქში ჰაერის მართვის ხარისხისა და მონიტორინგის გაუმჯობესება და  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით  ღონისძიებების განხორციელება.

 „ჩვენი მიზანია, რომ ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, ჩვენ კიდევ გვაქვს განსახორციელებელი მთელი რიგი სამუშაოები,  თუმცა ნაწილობრივი შემცირება მცირე ნაწილაკების შემთხვევაში რაც გვაქვს 2022 წლის მონაცემებით, უკვე შეიძლება ჩაითვალოს ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან პროგრესად“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” გათვალისწინებული ამტვერებადი მასალის მოპყრობასთან დაკავშირებით მოქმედი სამართალდარღვევების (კოდექსის 1524-1529 მუხლები) აღსრულების მდგომარეობის შესახებ. მონაცემები წარმოადგინეს  პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს, ქალაქების თბილისის, ქუთაისის, ფოთის, ბათუმის და რუსთავის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.