ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სწორედ თურნავა აირჩიეს პირველ ვიცე-პრეზიდენტად, რითაც ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2 მარტს ამოეწურა და დღემდე მის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა.

ნათია თურნავას კანდიდატურას საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა.

ახალ თანამდებობას ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ძალაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ შევიდა.

გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს საბჭოში ყოფნის ვადა ამოეწურება, ეროვნულ ბანკს ოთხი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.

ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოს შვიდი წევრი ჰყავს, საბჭოს წევრობისთვის კიდევ ორი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა, მაგრამ, დიდი ალბათობით, როგორც უმრავლესობაში ამბობენ, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს ისინი მხარს არ დაუჭერენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს შვიდ წევრსაც შეუძლია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა, რომელსაც, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს