,,თუთარჩელამ” 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სოლო კონცერტი გამართა

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, ფოლკლორული გუნდის ,,თუთარჩელას’’ სოლო კონცერტი გაიმართა.
მსოფლიოს 80 ქვეყნის ფოლკლორის შემსრულებლებიდან, 12 საუკეთესო ანსამბლში დასახელებულმა გუნდმა მსმენელს მსოფლიო ხალხთა ფოლკლორი წარუდგინა.
კონცერტს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
2024 წელს, გუნდი 20 წლის იუბილეს იზეიმებს და მსმენელს საინტერესო პროექტებსა და კონცერტებს შესთავაზებს.
მიმდინარე წელს, ანსამბლი გერმანიაში გამართულ კამერული გუნდების მე-18 საერთაშორისო ფესტივალზე 12 საუკეთესოს შორის მოხვდა. ფესტივალზე მსოფლიოს 80 ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების, ფილიპინების, ინდონეზიის, მექსიკის, გერმანიის, სლოვენიის, უკრაინისა და ფინეთის საუკეთესო გუნდები მონაწილეობდნენ.
„თუთარჩელა“ გერმანიაში, რუსთავის მერიისა და ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ მხარდაჭერით გაემგზავრა.
,,თუთარჩელა’’ როგორც ფოლკლორული ანსამბლი, 2004 წელს დაარსდა. 2005 წლიდან კი გერმანელი რეჟისორის, რუთ ოლშანის ფილმის – “ჰაერივით აუცილებელი” მეშვეობით გაიცნო ევროპამ და სახელი გაუთქვა ქართულ ქალთა ფოლკლორს.
2009 წელს ჩამოყალიბდა ახალი თაობა “ახალგაზრდული გუნდი”-ს სახელწოდებით, რომელმაც გააგრძელა ანსამბლის წარმატებული მონაწილეობა საქართველოსა თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებსა და კონკურსებში. ზოგადად, ,,თუთარჩელა’’ კონცეპტია, რომელიც აერთიანებს მრავალ თაობას და სხვადასხვა ასაკის 38- მდე წევრისგან შედგება. ყველა თაობის მუსიკოსი რუსთავის ფოლკლორის სკოლაში მოღვაწეობს.
”თუთარჩელამ” 10-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სოლო კონცერტი გამართა მშობლიურ ქალაქში.
ღონისძიება რუსთავის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.