ლევან დავითაშვილმა საქართველოს საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა

მეზღვაურთა დღის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ლევან დავითაშვილი საზღვაო აკადემიის სასწავლო ცენტრში ახალი სასიმულაციო სივრცის გახსნას დაესწრო.

საზღვაო აკადემიის წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორი სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გავლის შესაძლებლობას მისცემს.

საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით 25 ივნისს, ყოველწლიურად აღნიშნავს მეზღვაურთა პროფესიულ დღეს. ამჯერად საზეიმო ღონისძიებები ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყო – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით. ნავმისადგომზე კი მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა, საზღვაო სექტორის წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა.

ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ქართველ მეზღვაურებს მადლობა გადაუხადა ქვეყნისა და საქმისადმი ერთგულებისა და ღირსეული სამსახურისთვის