რუსთავის მერია ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს

რუსთავის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის განვითარების სააგენტოსთან (SIDA) ერთად, პროექტის – „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ჭალის ტყის აღდგენა-განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის წევრებთან ერთად, სტრატეგიის დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდება.
რუსთავის მერიაში სამუშაო შეხვედრების ფორმატში, ჭალის ტყის განვითარების ერთობლივი ხედვის, მიზნებისა და ამოცანებზე მუშაობა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზები დაისახა.
იმისთვის, რომ ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული ყოფილიყო რუსთაველების ინტერესები, რუსთავის მერიამ, პროცესში „მოქალაქეთა ასამბლეაც” ჩართო. შესაბამისად, ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის შექმნაში, ექსპერტებთან ერთად, რიგითმა რუსთაველებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ჭალის ტყე, რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, 320 ჰექტარ ფართობს მოიცავს.
90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, მას სერიოზული ზიანი მიადგა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ჭალის ტყე გარეშე ჩარევის გარეშე ნაწილობრივ აღდგა, თუმცა არ არსებობდა მისი განვითარების ჩამოყალიბებული სტრატეგია.
რუსთავის ჭალის ტყე-პარკის ტერიტორია მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
უახლოეს პერიოდში, მუნიციპალიტეტს ექნება ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი 320 ჰექტარი ტერიტორიისთვის, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეული 160 ჰექტარი სივრცისთვის, კი დეტალური განაშენიანების გეგმა შეიქმნება.