რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით, რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით დამტკიცდა რუსთავის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი.
ცვლილებების შედეგად 60, 0 ათასი ლარით დაფინანსდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო და 60,0 ათასი ლარით სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამები, ასევე ბიუჯეტიდან გამოიყოფა 2 748,0 ათასი ლარის ოდენობის თანხა რუსთავი-თბილისის მიმართულებით 20 ერთეული ახალი ავტობუსის შესაძენად.
დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფი და ერთი თვის მოსაკრებელის ოდენობა დაწესებულებებისთვის, იურიდიული პირებისთვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის სხვადასხვა ტარიფით განისაზღვრა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის ერთ სულ მოსახლეზე ტარიფი – 80 თეთრით განისაზღვრა.
აღსანიშნავია რომ დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფის ცვლილებას მხარი დაუჭირეს ფარაქციებმა „ ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრებმა, ხოლო „რუსთავი საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრებმა ტარიფის გაზრდას მხარი არ დაუჭირეს.
საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ჯანდაცვის უზრუნველყოფის ორ ქვეპროგრამაში და შედეგად გაიზარდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო სეანსები. ასევე შეღავათი დაწესდა ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრობისთვის, კერძოდ კი მგზავრობის საფასურის 1,50 ლარის ოდენობის თანხის სრულად მუნიციპალიტეტის მიერ დაფარვას.
დამტკიცდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობის უფლებით გასაცემი 3 ობიექტის ნუსხა და 19 ობიექტის გეგმა.
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერიის მიერ ინიცირებული საკითხები შესაბამისი სამსახურის უფროსებმა წარადგინეს და რიგ საკითხებზე პასუხები დეპუტატებმა უშუალოდ მათგან და მერის მოადგილეებისგან მიიღეს.