რუსთავში, ლებანიძის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, ლებანიძის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რუსთავის მერის მიერ, წლის დასაწყისში წარდგენილი სამოქმედო გეგმის ნაწილი იყო და მისი განხორციელება დღეისთვის უკვე აქტიურ ფაზაშია.

ლებანიძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა. აფხაზეთისა და ლომოურის ქუჩების დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო.

,,ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, იმ სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მოსახლეობას წლის დასაწყისში წარვუდგინეთ. ძალიან მნიშვნელოვანი საგზაო პროექტი მიმდინარეობს, რომელიც აფხაზეთისა და ლომურის ქუჩების დამაკავშირებელ ლებანიძის ქუჩაზე ახალი გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. ეს იყო მოსახლეობის მოთხოვნა, რადგან ამ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ იყო. ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე იმისთვის, რომ ცენტრალური ქუჩები განიტვირთოს და ამ უბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შემოვიდეს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.