საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი 19-დან 22 ივნისამდე საქართველოს ეწვევა და ეკონომიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს.
საელჩოს ცნობით, სახელმწიფო მდივანს მოჰყვება გერმანული მცირე და საშუალო კომპანიების დელეგაცია სამშენებლო სექტორიდან. ასევე, გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და საქართველოს ევროპული მომავალი.
სვენ გიგოლდი, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან. შეხვედრებისას საუბარი უმთავრესად შეეხება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერას და ამისათვის საჭირო რეფორმებს.
ამასთან, საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ბიზნესდელაგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გერმანული და ქართული კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირება. ამისთვის გაიმართება გერმანული კომპანიების ინდივიდუალური შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებსა და კლიენტებთან. მონაწილე კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი პროდუქციისა და მომსახურების წარდგენა.
საქართველოში გამომგზავრებამდე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველო გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.