დღეს საქართველოს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი, მეუღლესთან ერთად ეწვევა. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს, რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე.
მათივე განცხადებით, ვიზიტის მიზანია განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით.
„მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც წევრებთან და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო პარტნიორობის კუთხით.
ეს პარტნიორობა 28 წელზე მეტია გრძელდება, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ხალხის მეგობრად და მოკავშირედ ვრჩებით. ასევე, ამ დატვირთული ვიზიტისას მსურს, შევხვდე სამუშაო ადგილების შემქმნელებსა და მთავარი ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ხელი შევუწყო ბიზნესს ჩვენს ნომერ პირველი შტატში. შეხვედრებისას ჩვენ შევძლებთ გავუზიაროთ მათ, თუ რატომ არის ჯორჯიის შტატი საუკეთესო ინვესტირებისა და შესაძლებლობებისთვის“, – განაცხადა გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა.
საელჩოს ცნობით, საგარეო მისიის პირველი ეტაპი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, აგრეთვე სხვა მაღალჩინოსნებთან .
საქართველოში ყოფნისას დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები.
გუბერნატორი კემპი და დელეგაცია გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, მოინახულებენ ჰუმანიტარულ თავშესაფარს, რომელიც აშენდა ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით, შეხვდებიან მარიეტას სახანძრო დეპარტამენტის წევრებს, რომლებიც ამჟამად სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების წვრთნებს საქართველოში ატარებენ და გამართავენ სხვა შეხვედრებს, რათა გააძლიერონ ურთიერთობა ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის.
„ეს ისტორიული ვიზიტი აძლიერებს ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას. ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენს მხარდამხარ იბრძვიან. ძალიან მოხარული ვართ, რომ გუბერნატორ კემპის ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა, ჯორჯიის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტმა, ტომ კარდენმა.