,,ვანდალიზმი ტეხავს”- ამ სახელწოდებას ატარებს საზოგადოება “რუსთაველების” ინიციატივით წამოწყებული კამპანია, რომელსაც საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შატაკიშვილიც შეუერთდა.
კამპანია მიზნად ისახავს რუსთავის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მუნიციპალური ტრანსპორტში ბოლო დროს გახშირებული ვანდალიზმის ფაქტების გამოააშკარავებას.
დღეს ირაკლი შატაკიშვილმა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად რუსთავის სკვერებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაარიგა საგანგებოდ ამ კამპანიისთვის დამზადებული ფლაერები, სტიკერები და იმავდროულად მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია ვანდალიზმის წინააღმდეგ გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებაც.
მიუხედავად იმისა,რომ რუსთავში ყველა ახალი რეკრეაციული სივრცე და ახალი მუნიციპალური ავტობუსები აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით, ვანდალიზმის ფაქტები კვლავაც რჩება პრობლემად.
შეგახსენებთ საქართველოს პარლამენტმა წელს მხარი დაუჭირა ვანდალიზმის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამკაცრებას.
ერთ-ერთი ინიციატორი რუსთავის და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილია.
ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც ვანდალურ ფაქტს ჩაიდენს პირველ ჯერზე 300-ით, ხოლო მეორედ 500 ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.










