ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერიისა და USAID -ის პროექტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტებზე, მუნიციპალური სერვისების შექმნისა და მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრის კონცეფცია და განხორციელების ეტაპები, მოეწყო ვორქშოფიც.
შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
უახლოეს პერიოდში, რუსთავში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში პირველი მუნიციპალური სერვისების ცენტრი გაიხსნება.
2 წლის წინ დაწყებული მუნიციპალური სერვისების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალი სერვისცენტრის შექმნა იყო, სადაც ყველა ის სერვისი, რომელსაც მერიის სამსახურები თუ აიპები უწევენ მოსახლეობას, ერთ თანამედროვე და კომფორტულ სივრცეში მოქცეულიყო.
მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის პროექტი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესებას, პარტნიორობის გაღრმავებას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის.
პროგრამა მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.









