რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
დამტკიცდა „საბა კონსტრაქშენის“ განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ქალაქში იძულებით გადაადგილებული 800 ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა სამ მოქალაქეს ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელებული ობიექტების მშენებლობის დასრულების გამო რუსთავის მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებაზე და შპს „ელვა მარკეტს“, რათა შევიდეს ცვლილება კომპანიასა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებულ სასყიდლიანი სარგებლობის ხელშეკრულებაში.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა იმსჯელეს და ცვლილება შევიდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N11 დადგენილებაში.
საკითხის წარმდგენის, საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის, მაკა პაქსაშვილის განცხადებით, საკითხი ეხება საკრებულოს აპარატის განყოფილებებში რანგირების ცვლილებებს.
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.









