სტიქიის ეპიცენტრში, „სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება.
გომელაურმა ტერიტორია ვერტმფრენით დაათვალიერა და ჟურნალისტებთან არსებული ვითარება შეაჯამა.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულების ოჯახების მიმართ. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ნამდვილად. 24 ადამიანი ვნახეთ გარდაცვლილი. იცით, რომ 9 ადამიანს ვეძებთ ისევ, დაკარგულად ითვლება. ჩართულია პირველივე საათებიდან სამაშველო სამსახური, ადგილობრივი პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო მალევე, ბატონი პრემიერის დავალებით, ყველა სამსახური და სტრუქტურა, ტექნიკა მუშაობს, 60-მდე და მიდის სამაშველო სამუშაოები. მაქსიმალურს აკეთებენ, რაც შეიძლებოდა უმოკლეს დროში გაკეთებულიყო. ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60% ჩამოშლილი მიწის მასა რაც არის უკვე შემოწმებულია, გადასულია უკვე პირველადი დონე რაც იყო იქამდე. რამდენიმე დღე დასჭირდებათ ალბათ კიდევ რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს და გადავერთვებით უკვე ლოკალურ სამუშაოებზე. ასევე მდინარის 50 კილომეტრის მონაკვეთს ამუშავებენ და მერე ალბათ უკვე დაბლაც უნდა ჩამოვუყვეთ რიონს, შეიძლება ქვემოთაც წამოიღო ვინმე“, – აღნიშნა გომელაურმა.
24 დაღუპული და 9 დაკარგული, ასეთია ბოლო მონაცემები შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების მე-11 დღეს. სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. პროცესში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.