სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებმა მეწყრული მასის ზედაპირზე რამდენჯერმე ააწყვეს ქვეითი ხიდები, საჭირო გახდა ხიდების სხვადასხვა ლოკაციებზე გადატანაც.

„სამძებრო პროცესში სამხედროებმა მეტალო-დეტექტორებიც გამოიყენეს, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი. სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მხარდამჭერ ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ