სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 17 ადამიანიდან ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 12 ადამიანი

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 17 ადამიანიდან ამ დროისთვის 12-ია იდენტიფიცირებული – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ამოცნობის შემთხვევაშიც, დნმ-ის ანალიზი ყველა მიცვალებულზე ტარდება:

„12ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა – 6 ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი, 6 კი პოლიციის მიერ არის იდენტიფიცირებული. 5 მიცვალებულზე იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ამოცნობის შემთხვევაშიც კი, დნმ-ის ანალიზი აბსოლუტურად ყველაზე კეთდება“, – თქვა გოჩა ენუქიძემ.

შეგახსენებთ, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 20-მდე ადამიანს ეძებენ. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 მოქალაქე.