აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს

უწყებაში განმარტავენ, რომ ოპერაციის მიზანი კონსტიტუციური წყობის აღდგენაა და დარტყმები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე განხორციელდება. მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები თავდასხმის სამიზნე არ გახდება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დღეს ყარაბაღის ერთ-ერთ სოფელში ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომელი გარდაიცვალა. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ნაღმი სომეხმა სამხედროებმა განათავსეს და მომხდარზე საქმე აღძრეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სომხეთის მიზანი რეგიონში სამხედრო დაძაბულობისა და ტერორიზმის გაძლიერებაა.