მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთონის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ ღამეს ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონი კიდევ ერთხელ დააზიანა. ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად დაზარალდა თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები.
კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა როგორც სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. ზარალის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არცერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე“, – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
17 სექტემბერს, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა, კახეთის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის, ლაგოდეხის სოფლები დააზარალა. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკის საშუალებით პირველადი სამუშაოები უკვე განხორციელდა. სტიქიამ ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები – ფშაველი, ნაფარეული და ლალისყური.
ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაახლოებით, 20-წუთიანმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.