პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გურიაში სტიქიის ზონიდან განსახლებას ამ ეტაპზე 105 ოჯახი დაექვემდებარა. მისი თქმით, სტიქიური კერები 22 ადმინისტრაციულ ერთეულში იყო ოზურგეთში, 15 ლანჩხუთში.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, დღეის მდგომარეობით, ამავე მუნიციპალიტეტების მასშტაბით, 11 ადგილას ავტომობილით გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვებია.
“სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო მობილიზებული და ჩართული. ჯამში უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი. გეოლოგების მიერ ორი დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი. სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. აქვე მინდა მოწოდებით მივმართო, თხოვნით მივმართო ამ ოჯახებს, რომ აუცილებელი არის ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება და აუცილებელი არის მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილზე. ამიტომ, მივმართავ ოჯახებს, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს”, – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის რეგიონის მრავალი სოფელი დაზარალდა. ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ჩამოიშალა მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა რეგიონის რამდენიმე სოფელი.
გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.