გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით გურიაში, ამავე მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები და ჩამოშლილია მიწის მასა.

აღნიშნულის შესახებ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები.

„ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები და ჩამოშლილია მიწის მასები.

ამ წუთებში მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ვეცნობით და ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები“. –წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გურიის გუბერნატორის ინფორმაციით ამ დროისთვის, ეტაპზე სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ დგას.