მაია ბითაძე: დღეს მსოფლიოში კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა სახელმწიფო უსაფრთხოების დონეზეა აყვანილი

გარემო აბსტრაქცია არ არის და არც იმის დამტკიცება უნდა გვიწევდეს, რომ კლიმატის ცვლილება არ არის სადღაც შორს, სხვა პლანეტაზე. დღეს მსოფლიოში კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა სახელმწიფო უსაფრთხოების დონეზე არის აყვანილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მაია ბითაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი მიმართულებით საპარლამენტო საქმიანობაში.

„2014 წლიდან დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური დაკვირვების ქსელის, მიწისქვეშა და მიწისზედა წყლების მონიტორინგის ქსელის აღდგენა და ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. „ქართული ოცნების“ ბრალი არ არის, რომ ამ ქვეყანაში 50 000-მდე მოწყვლადი ტერიტორიაა, როგორც ჰიდროლოგიური, ისე გეოლოგიური კუთხით. ჩვენ სასწრაფოდ, მეტი მონდომებით უნდა შევქმნათ და სავალდებულო გავხადოთ ზონირების რუკები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს ამ მოწყვლად ტერიტორიებს. ყოველ სესიაზე ჩვენ გამოგვაქვს ახალი საკითხები, გვაქვს ძალიან ბევრი მოსმენა, მათ შორის გარემოს ეროვნული სააგენტოსი. მონაწილეობა მიიღეთ, ადეკვატური კითხვები დასვით და გაიაზრეთ, რომ ერთობლივი ძალისხმევის გარეშე ჩვენ სისტემას ვერ გავაუმჯობესებთ და კლიმატის ცვლილება არსად გაქრება“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.