შალვა პაპუაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ლასლო კოვერს შეხვდა.

 შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-უნგრეთის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობა გეოპოლიტიკურად რთულ ვითარებაში.

 შალვა პაპუაშვილმა უნგრულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით. შალვა პაპუაშვილმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს კარგ შედეგებზე საერთაშორისო რეიტინგებში კორუფციის, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის მიმართულებებით. მან ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს მსოფლიო უსაფრთხოებაში, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის ფარგლებში.

 ლასლო კოვერმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ უკანასკნელ წლებში მიღწეული პროგრესი, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების კუთხით. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას, რასაც საფუძველს უმყარებს საქართველოს ქრისტიანული ღირებულებები და კულტურა, როგორც ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ფაქტორი.

 მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერებასა და პარლამენტებს შორის დიალოგის გაღრმავებაზე. ლასლო კოვერმა განაცხადა, რომ უნგრეთი საქართველოს გვერდით დგას, სიტყვითა და საქმით და მზად არის, უნგრეთის გამოცდილების გაზიარებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესს.

 შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი  ირაკლი მეზურნიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი და  უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო.