7-8 სექტემბერს საქართველოს ჟოზეფ ბორელი ეწვევა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟოზეფ ბორელს ექნება შესაძლებლობა, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე გაცვალოს აზრები საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში, ბორელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

ჟოზეფ ბორელი ასევე შეხვდება პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და დისკუსიას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.