ნინო წილოსანი ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს, ნიკოლას სენდეროვიჩს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოს წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების საკითხებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

„შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი ის იყო, რომ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები ადასტურებენ საქართველოს უდიდეს წინსვლას და წარმატებას ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი აგროსექტორის მიმართულებით. ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე კანონმდებლობის დაახლოება, მისი რეალობაში ასახვა, თითოეულ ფერმერამდე მისვლა სპეციალური პროგრამებით ზუსტად რომ ამ ათწლეულის გამოწვევა იყო. ჩვენ ამას გავართვით თავი და  ახლა ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ნოემბერში იქნება.  რა თქმა უნდა, გარკვეულ საკითხებზე რეკომენდაციებს ველოდებით,  მაგრამ ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი იქნება სრულიად რეალური და შესრულებადი, რაშიც ევროკავშირიდან მეგობრების დახმარების იმედი გვაქვს. ამის საფუძველს დღევანდელი შეხვედრაც გვაძლევს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.