,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

დღეს „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რუსთავის საბჭოს ორგანიზებით „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის წევრებთან ერთად დაესწრნენ პარტიაში ახალი გაწევრიანებული ქალბატონები, კლინიკა „რუსთავის“ და კოლეჯ „მოდუსის“ წარმომადგენლები, უფროსკლასელები, სხვა დაინტერესებული პირები.

კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რათა სულ უფრო მეტმა ქალბატონმა ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკრინინგით და სისტემატიურად გაიკეთოს გამოკვლევები, ვინაიდან ადრეული დიაგნოსტიკა გახანგრძლივებული სიცოცხლის საწინდარია.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ლაცაბიძემ, ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა და პარლამენტარებმა ირმა ზავრადაშვილმა და რიმა ბერაძემ.

კიბოს შესახებ გავრცელებულ მითებზე ისაუბრა შეხვედრაზე მოწვეულმა რუსთაველმა ექიმმა, ონკოლოგმა კახაბერ ალხანიშვილმა.

ყველაზე ემოციური კი ის მომენტი აღმოჩნდა, როცა შეხვედრის მონაწილეებს შარშანდელი სკრინინგის დროს გამოვლენილი დიაგნოზის, ჩატარებული ოპერაციისა და ხანგრძლივი მკურნალობის შესახებ უამბო ქალბატონმა მარიკა ფიროსმანაშვილმა.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით ცნობილი კამპანია მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და მას „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია მეორე წელია, უერთდება. შესაბამისად, მეორე წელია ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაციის მიერ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის აქტივობები ტარდება.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში სოლიდარობის ნიშნად წელს ვარდისფრად განათდა რუსთავის თეატრი, ბოლნისის კულტურის ცენტრი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია; ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და სკრინინგი მარნეულში, ბოლნისში, თეთრიწყაროსა და დმანისში, ხოლო 27-28 ოქტომბერს კლინიკა „რუსთავის“ ტერიტორიაზე იგეგმება სკრინინგის აქცია.

რუსთავში სკრინინგის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ კლინიკა „რუსთავს“ ტელეფონის ნომერზე 0341 250115.

შეგახსენებთ, გასულ წელს რუსთავში ჩატარებული სკრინინგის აქციის დროს 180-მდე ქალბატონმა ჩაიტარა უფასო გამოკვლევა, მათგან ნაწილს დამატებითი კვლევის რეკომენდაცია მიეცა, ნაწილი კი სპეციალურ კლინიკაში გაიგზავნა.