სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა და მხატვართა გაერთიანება „გამა“-ს მხარდაჭერით რუსთავის ისტორიულ მუზეუმში მხატვრისა და ხატმწერის გურამ მღებრიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა “საქართველოს მეფეები და ხელისუფალნი” გაიმართა. აგრეთვე შედგა მისივე ნამუშევრებით ილუსტრირებული, ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია.
რუსთავის ისტორიულ მუზეუმში მხატვრის სამოცამდე ნამუშევარი ერთი კვირის განმავლობაში იქნება განთავსებული.
გურამ მღებრიშვილი 1969 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საერთაშორისო და საქალაქო სამხატვრო გამოფენებზე და კულტურულ ღონისძიებებზე. ჩატარებული აქვს პერსონალური გამოფენები. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და საზღვარგარეთის მოქალაქეთა კერძო კოლექციებში, სხვადასხვა მუზეუმში, საპატრიარქოს და ეკლესიის ფონდებში. არის საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, პრეზიდენტის მადლობით და საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევრისთვის. აქვს ნამუშევრები ლითონის მხატვრულ დამუშავებაშიც (ჭედურობა). მათ შორის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პერანგი თბილისის სიონში. მოხატული აქვს 16 ეკლესია პარტნიორებთან, ძირითადად შვილთან – ალექსანდრესთან ერთად. მათ შორის, მისი პროექტით მთლიანად მოიხატა 8 ეკლესია.