რუსთავის პარკში დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ჩატარდა

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ნიჩბოსნობის აკადემიის ბაზაზე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ჩატარდა.

ტურნირი, პარკის ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას, ქართველი და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენები იღებდნენ.

ტურნირს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღია პირველობაში მონაწილეობა 2003-2005, 2006-2007, 2008-2009 წლებში დაბადებულმა ვაჟებმა და გოგონებმა მიიღეს. ახალგაზრდა სპორტსმენებმა 200 და 500 მეტრიანი დისტანციები გაცურეს.
სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულებს მედლები, თასები და სიგელები გადასცეს.

რუსთავში, ნიჩბოსნობას საფუძველი ალექსანდრე წივწივაძემ, გასული საუკუნის სამოციან წლებში ჩაუყარა და სპორტის ამ სახეობის განვითარებაში, უდიდესი წვლილი შეიტანა.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობას რუსთავმა უკვე მეორედ უმასპინძლა.
ტურნირი რუსთავის მერიის, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის და რუსთავის ნიჩბოსნობის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.