ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 770-ს მიაღწია

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორში 770 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 4100 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს.

გაეროს სააგენტოს ცნობით კი, ღაზის სექტორში 187 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა და როგორც მოსალოდნელია, ეს რიცხვი გაიზრდება. მათივე მონაცემებით, 137 500 პალესტინელი თავს გაეროს სკოლებს აფარებს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.