ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბავშვის შემთხვევათა მართვის საკოორდინაციო მექანიზმთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„ბოლნისის კულტურის ცენტრში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პროექტის შესახებ მოხსენება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა სოფო კილაძემ წარადგინა.
ბავშვის შემთხვევათა მართვის საკოორდინაციო მექანიზმის მიზანი ბავშვისა და ოჯახების მხარდაჭერის სისტემის შექმნაა. მექანიზმის ფარგლებში, ბავშვები და ოჯახები „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღებენ ყველა არსებულ პროგრამასა და მომსახურებას, უწყებიდან უწყებაში მიმართვის გარეშე.
სამუშაო შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში იესპერ მოლერი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი პროექტის საპილოტე ვერსიის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციის დამსახურებით, ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის წარმატებული მაგალითები აჩვენა.