კომპანია “რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
აფხაზეთის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 500 მეტრი სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სრულად განახლდება, 14 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 8 საკვანძო ჭა მოეწყობა, რაშიც კომპანია ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
“ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი პროცესი მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაგეგმილი თითოეული სარეაბილიტაციო პროექტის დასრულებასთან ერთად წყალმომარაგება ეტაპობრივად გაუმჯობესდება. ჩვენს მიერ ჩატარებული და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ქალაქ რუსთავის მოსახლეობა მუდმივად, სამუშაოების ყველა ეტაპზე იქნება ინფორმირებული” – აცხადებს მიხეილ ცირდავა, კომპანია “რუსთავის წყლის” ბიზნეს ცენტრის მენეჯერი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოში თვეში დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. შედეგად წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება ქალაქ რუსთავის მე-7, მე-7ა, მე-8, მე-20 და 21-ე მიკრო რაიონების, შარტავა გამზირისა და ტაშკენტის ქუჩის მოსახლეობას.









